Thursday, April 7, 2011

განათლება კომპრომისების ხელოვნებაა?

გამარჯობა, მე გიორგი ვარ და ვსწავლობ ახმეტის სკოლაში. ადრე მე და ჩემმა კლასელებმა უდიელების საქორწილო რიტუალები შევისწავლეთ და სკოლას წარვუდგინეთ. ახლაც გვინდა, რომ ასეთივე კვლევა ჩავატაროთ ქისტებზე, მაგრამ არ გამოგვდის, ტესტირებისთვის უნდა მოვემზადოთ.
ქეთი მას, მე ნუცა ვარ. რა ცუდი ყოფილა მეთორმეტე კლასში ყოფნა. გახსოვთ, შარშან მე და თქვენ რომ ვეფხისტყაოსნის ტექსტის კომპიუტერული მოდელი გავაკეთეთ პასკალში? მინდოდა წელს ამის ინტერნეტ ვერსიის გაკეთება, მაგრამ დედა მეუბნება, რომ დროს ვკარგავ იმიტომ, რომ ატესტატის გამოცდისთვის უნდა მოვემზადო.

გამარჯობა მე ლეილა ვარ. ქართულს ვასწავლი. მოსწავლეები დაინტერესდნენ კითხვის კლუბის გახსნით. უნდათ ამერიკული რომანების თარგმანების წაკითხვა და განხილვა. მეც ძალიან მაინტერესებს, მაგრამ დირექტორი და მშობლები მეუბნებიან, რომ ამის დრო ახლა არ არის. მნიშვნელოვანია, რომ გამოცდებზე კარგი შედეგი ვაჩვენოთ.

გამარჯობა, მე გურამი მქვია. შარშან დამნიშნეს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად. მინდოდა, რომ მანქანის ტარების კურსები შემომეღო, მაგრამ ამბობენ, გამოცდების შედეგების მიხედვით შეიძლება დირექტორები გაუშვანო. ამიტომ ავიღე და რა ფულიც დამრჩა სკოლის ბიუჯეტში ის ტესტებისთვის მომზადებისთვის დავხარჯე.

სოფო, რეზო და მე ვაპირებდით სკოლის გაზეთის დაარსებას. საინტერესო რამეა. ინტერვიუებს ჩავწერდით, ფოტოებს გადავიღებდით, სკოლის წარმატებულ მოსწავლეებზე რეპორტაჟებს დავწერდით, ცოტას მასწავლებლებსაც გავაშაყირებდით. მასწავლებელს ვთხოვეთ, რომ გვასწავლოს სტატიების წერა, მაგრამ გვეუბნება, რომ ტესტებზე ეს არ მოგვეთხოვება და ამის სწავლება რომ დავიწყო, სხვა ბავშვებმა რა დააშავეს, მერე ცუდი ნიშნები რომ მიიღონო.

გამარჯობა მანანა. გახსოვს მე და შენ სკოლაში რომ ვიყავით, ჩვენთან რომ პატარა ღელეა იმის დაბინძურება რომ შევისწავლეთ და მერე გამგებელს რომ მივწერეთ? ჩემს პატარა დას და მის კლასელებს უნდოდათ იგივეს გაკეთება საცდელ მეურნეობასთან დაკავშირებით და სკოლამ უარი უთხრა. პროექტებით სწავლება აღარ გვაინტერესებს, ახლა გამოცდებზე უნდა გავაკეთოთ მობილიზება, თორემ დაგვხურავენო.

გამარჯობა, მე ლიმონათის ქარხნის საწყობის გამგე ვარ, ომარი. ერთმა სტუდენტმა დაიწყო ჩემთან მუშაობა. ჭკვიანი ბიჭია. სულ ხუთებზე დაამთავრა სკოლა. გამოცდებიც კარგად ჩააბარა. ვეკითხები აბა მოიფიქრე, რომელი კონტეინერით ჯობია გავაგზავნოთ ბათუმში კონცერტზე სასმელი, დიდით, საშუალოთი თუ პატარათი-თქო და ვერ ხვდება საიდან დაიწყოს ამ პრობლემის გადაჭრა. რა ვუყო ახლა ამას?

გამარჯობა, მე ქიმიის მასწავლებელი ვარ. წელს ჩვენს სკოლას ლაბორატორია აჩუქეს. მინდა გამოვიყენო ექსპერიმენტებისთვის, მაგრამ მოსწავლეები მეუბნებიან, არ გვინდა ნინო მას, თუ შეიძლება ტესტებისთვის მოგვამზადეთო. სხვებს არ ვიცი, ალბათ, ეგეთები იყვნენ ყოველთვის, მაგრამ აი ზუკას რაღა დაემართა?

მე გიზო ვარ. ჩემი შვილი ცუდად სწავლობს. წიგნებს მისთვის ვყიდულობ. ნუ რაც აუცილებლად ჭირდება იმას მაინც. სკოლაში ტანსაცმელიც ხშირად აქვს გამოსაცვლელი. აბა ხომ არ უნდა დასცინონ კლასელებმა? მობილურიც ვუყიდე. ორი წლის მერე გამოცდა აქვს ჩასაბარებელი. მასწავლებელი და დირექტორი მეუბნება ვერ ჩააბარებს და სკოლას შეარცხვენსო. მე მგონი ჯობია წამოვიყვანო სკოლიდან და ჩემთან დავაწყებინო მუშაობა. ხელობას მაინც ისწავლის.

მე ოთარი ვარ, კახას მეგობარი. კახა კარგად ვერ წერს. ბავშვობაში ავარიაში მოყვა და იმის მერე ხელებს კარგად ვერ იმორჩილებს. დიდხანს ჯდომაც უჭირს. ჩვენ ერთ კლასში ვართ. მეცხრეში რომ ვიყავით ახალი მასწავლებელი მოვიდა მათემატიკაში. ყველას ინდივიდუალურად გვივლიდა. კახამ იცით რამდენი ისწავლა? ახლა კი ყველას ერთნაირად გვასწავლის. ასე ამბობს, დირექტორმა მითხრა, ხომ იცი შენს მოსწავლეებს გამოცდებზე ცუდი შედეგი არ უნდა გქონდეთო. მე თითქოს კარგად ვსწავლობ, მაგრამ კახა რას იზამს ამ გამოცდებზე არ ვიცი.

გამარჯობა, მე ნოდარი ვარ. გინახავთ, იუთუბზე ფიზიკის გაკვეთილები რომ არის გადაღებული? რამდენი ხანია ბავშვებთან ერთად ამას ვაკეთებ. წელს ცოტა გაგვიჭირდა ბავშვების დაინტერესება. სულ ტესტები და ტესტები. თითქოს სხვა არაფერი აღარ აინტერესებთ.

No comments:

Post a Comment