Thursday, April 7, 2011

უწიგნურობა

საკუთარ თავს შევამჩნიე, რომ ნელ-ნელა ლაშა ბუღაძეს ვემსგავსები. რა თქმა უნდა, გარეგნულად არა.  პათოსით. ვისაც ლაშას სვეტები წაუკითხავს, კარგად იცის,  რომ იგი ძირითადად იმაზე წერს, რომ მკითხველი არ არსებობს, ხალხი გაუნათლებელია და საერთოდაც, წიგნის კითხვა მხოლოდ ფორმალურად ითვლება კარგ ტონად.
მოდი და ნუ დაეთანხმები ამას, როცა უწიგნურობას ყოველ ფეხის ნაბიჯზე აწყდები.
_მაინც რამდენი წიგნი გექნება წაკითხული?_ მეკითხება ერთი.
მე ჯერ ვიბნევი და მერე ხუმრობით ვპასუხობ: _ 20.
_ ვაჰ, ასე ცოტა? ეტყობა, სქელი წიგნები იყო.
_ კი. ყველა სქელი იყო _ ვეუბნები მე.
და ისიც იჯერებს. იჯერებს აბსურდს, რომ მხოლოდ 20 წიგნი მაქვს წაკითხული, სამაგიეროდ ,,სქელები”.
_ მათხოვე რა რამე კაი წიგნი, ოღონდ ისეთი, ბევრი დიალოგები რომ იყოს.
_ ბატონო?
_ ჰო, რა. უცებ რომ ჩავიკითხო.
_ და ნახატებიც რომ ჰქონდეს, არა?
ხუმრობად რომ მიღირდეს, რობინზონ კრუზოს ვათხოვებდი. იკითხოს დიალოგების გარეშე, თუ კარგია.
ქართველი ყველაფერში იხდის ფულს, წიგნის გარდა.  მან წიგნი  სხვანაირად უნდა მოიპოვოს: ავტორმა აჩუქოს ან ვინმემ ათხოვოს და თან ისეთი შეურჩიოს, მის გონებრივ განვითარებას რომ მოუხდება. ვიღაც სხვამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ როცა  სისულელეების კეთებისგან დაიღლება,  ხელის გასაწვდენ მანძილზე ჰქონდეს საინტერესო და საჭირო წიგნები. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად წაიკითხავს, მაგრამ უნდა ჰქონდეს. და რა თქმა უნდა, უფასოდ. სხვანაირად როგორ! წიგნში ფულის გადახდა ვის გაუგია!
წიგნის კითხვის ილუზიის შექმნა რეალურად კითხვაზე ადვილია. ამაში ბუკინისტების ინციდენტმა ღრმად დამარწმუნა.  რამდენი ადამიანიც ამ ამბის გამო აღშფოთდა, რეალურად მათი მკითხველი იმდენი რომ ყოფილიყო,  ბუკინისტები  კერძო მაღაზიებს გახსნიდნენ და ხელისუფლებაც აღარ შეაწუხებდათ.
იქნებ მოვეშვათ თვალთმაქცობას. თუ წიგნის კითხვა არ გვიყვარს, უბრალოდ დავემშვიდობით ,,წიგნიერი ერის მითს” და თუ არ გვინდა, რომ დავემშვიდობოთ, მაშინ ვიკითხოთ.
მკითხველი არაა ის, ვინც ათასში ერთხელ ფურცლავს ხელში ჩავარდნილ წიგნებს.
მკითხველი არც ისაა, ვინც მწერლებს პირადად იცნობს და მათი პიროვნებით ინტერესდება.

1 comment: