Thursday, April 7, 2011

რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები

"ერთადერთი რჩევა, რაც ერთმა ადმიანმა მეორეს წიგნის კითხვასთან დაკავშირებით შეიძლება მისცეს, არის ის, რომ ყური არ ათხოვოს, საერთოდ არანაირ რჩევას." 
ვირჯინია ვულფი

მართალია, ვირჯინია ვულფი ასეთ რჩევას გვაძლევს, მაგრამ მე გავკადნიერდები და განსხვავებულ შეხედულებას ჩამოვაყალიბებ წიგნის კითხვასთან დაკავშირებით.

როგორც წესი, ახალგზრდა თაობას არ უნდა სჭირდებოდეს რჩევა იმის შესახებ, თუ რა უნდა წაიკითხონ. თუმცა მწერლებმა მაინც გადაწყვიტეს რომ დაემოძღვრათ ახალგაზრდობა და შეექმნათ ისეთი წიგნები რომლებითაც ასწავლიდნენ, თუ რა მეთოდებით წაეკითხათ წიგნები, რომ მაქსიმალური ეფექტისთვის მიეღწიათ. ეს რასაკვირველია რეალობით იყო ნაკარნახევი. მოკლედ ვისაუბრებთ თუ რა როლი უჭირავს წიგნს დღევანდელ საზოგადოებაში. ჩემი სტატია მხოლოდ მცირე რჩევებს შეიცავს, თქვენ კი ამ საკითხის უფრო დეტალური განხილვა შეგიძლიათ ნახოთ ჰაროლდ ბლუმის ნაწარმოებში "როგორ და რატომ უნდა ვიკითხოთ" და რობერტ ოლტერის წიგნში "კითხვის მშვენიერებანი იდეოლოგიების ეპოქაში".

იმედია, ხმამაღალ ნათქვამად არ ჩამომართმევენ ჩემი თანატოლები, თუ ვიტყვი, რომ წიგნის კითხვა დიდი სიამოვნებაა. რა თქმა უნდა არსებობს სიამოვნების მიღების სხვა საშუალებებიც, მაგალითად მე, როგორც ნებისმიერ ახალგაზრდას, მიზიდავს facebook-ი და მისთანანი, მაგრამ ნელ-ნელა კარგად ვხვდები (მახვედრებენ), რომ ვერცერთი ინტერნეტში მოპოვებული ინფორმაცია ვერ მომცემს იმხელა ცოდნას, რამხელაც წიგნებშია.

ანდრე მორუა წერს: "წიგნი ერთადერთი საშუალება, რომ ღრმად ჩავიხედოთ გარდასულ ეპოქებსა და იმ სოციალური ფენების ცხოვრებაში, რომელთა მისადგომებიც ჩვენთვის ჩარაზულია". ეს ფრაზა რომ წავიკითხე დიდი ხანი ვფიქრობდი, რატომ იყო წიგნი ერთადერთი და არა ერთ-ერთი საშუალება. ერთ დღესაც, როდესაც ჩემი ძვირფასი დრო დავუთმე კომპიუტერს და დავიწყე "სამოსელი პირველის" ამონარიდის კითხვა, მივხვდი რომ კარგი წასაკითხი იქნებოდა, მაგრამ ამონარიდის კითხვამ 2 საათს გასტანა. არ არის რთული მისახვედრი თუ რატომ. რა თქმა უნდა, ერთი ბმულიდან სრულიად სხვა შინაარსის ბმულზე გადავდიოდი. მაცდურ, ერთმანეთზე საინტერესო ბმულებს რა გამოლევს, მაგრამ ხშირად ხდება ისე, რომ საბოლოოდ ვერცერითს შინაარს ვერ ვიგებთ კარგად. ახლაც სწორედ მასე მომივიდა. სააბოლოოდ ამ 2 საათის განმავლობაში ვერაფერი გავიგე. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ შეუძლებელია ჩაუღრმავდე ნაწარმოებს და მის არსს თუ შენს თავთან მარტო არ ხარ. განმარტოვებისთვის კი წიგნი მართლაც ერთადერთი საშუალება აღმოჩნდა.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, წიგნის კითხვა მნიშვნელოვანია პიროვნების ჩამოყალიბებისთვის. პირადად ჩემთვის გაღიზიანებას იწვევს ისეთი ადამიანი, რომელიც ზერელედ უდგება ამ საკითხს და აბუჩად იგდებს წიგნის მკითხველებს. მისთვის მნიშვნელოვანია საუბარი არა წიგნებზე, არამედ ათასგვარ სისულელეზე. ხშირად ვუფიქრდები იმ მოვლენებს, რომლებიც ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. სისულელეებზე ლაპარაკი ერთ-ერთი იმათგანია. ყველამ კარგად იცის, რომ სისულელებზე ლაპარაკს არაფერი მოაქვს, მაშინ რატომ მოსწონთ მასზე საუბარი? პირადად მე ერთ დასკვნამდე მივედი: დღევანდელი ყოფა იმდენად დაძაბულია, რომ მაგალითად დოსტოევსკისა და დრაიზერის კითხვისკენ აღარ მიუწევთ გული. ხალხი ცდილობს, გაიადვილოს ცხოვრება და სისულელებზე საუბრით გაირთოს თავი. ჩემი აზრით, დიდი ხანია კაცობრიობა აღარ არის მიდრეკილი ღრმა ფილოსოფიური მსჯელობისკენ, მითუმეტეს დღეს, როდესაც ცხოვრების ტემპი ასეთი აჩქარებულია.

კითხვა, როგორც პროცესი, განმარტოებასთან ასოცირდება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მარტოობასთან, რადგან როდესაც კითხულობ, პერსონაჟები შენს ცხოვრებაში შემოდიან და ავსებენ მას. ერთი კლასიკოსი მწერლის ნაწარმოებიც კი იმდენ ცოდნასა და ცხოვრებისეულ გამოცდილებას გაძლევს, რომ თვითონაც განცვიფრებული რჩები. თუ გურამ დოჩანაშვილს დავესესხებით: "ადამიანი სულ ცოტათი მაინც უნდა გახადოს წიგნმა იმაზე უკეთესი ვიდრე ამ წიგნის წაკითხვამდე იყო". პირადად მე ბევრი რამ გავითვალისწინე წიგნის პერსონაჟების ცხოვრებიდან. რატომ უნდა ისწავლოს ადამიანმა საკუთარ შეცდომებზე, როდესაც შესაძლებელია რომელიმე პერსონაჟის დაშვებული შეცდომა აღარ გავიმეოროთ. რა თქმა უნდა, ხმამაღალი ნათქვამია, რადგან სანამ საკუთარ თვზე არ გამოცდი ვერ მიხვდებიო ამბობენ, მაგრამ ცდა ბედის მონახევრეაო, ამ ფრაზასაც ხშირად მოაყოლებენ ხოლმე. მე სწორედ ამ გამონათქვამის მომხრე ვარ, ვცადოთ პერსონაჟების შეცდომების გათავისება და გამოსწორება რეალურ ცხოვრებაში.

დევიდ დენბის აქვს შესანიშნავი ნათქვამი: "მე მქონდა ინფორმაცია და არა ცოდნა, შეხედულებები და არა პრინციპები, ინსტინქტები და არა მრწამსი." დენბისათვის ეს ყოველივე მას შემდეგ შეიცვალა, რაც 48 წლის ასაკში კოლეჯში დაბრუნდა და კლასიკოსების კითხვა დაიწყო.

კარგი იქნება, თუ ყოველი ადამიანი მიბაძავს მას და მიხვდება, რომ უწიგნოდ მისი შეხედულება ცხოვრებაზე, ნებისმიერ ფასეულობებზე, ყოფილა პრიმიტული, როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა "უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა". თუ გინდა გახდე ცივილიზებული სამყაროს სრულუფლებიანი მოქალაქე, აუცილებელია გაეცნო წინა თაობის ნააზრევს, ხოლო იმისთვის რომ კულტურულ ადამიანად ჩამოყალიბდე, არსებობენ წიგნები, რომელშიც ისწავლი ამას. მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. აუცილებელია მათი ნააზრევის გაცნობიერება, შეფასება და გადააზრება. დღევანდელი ყოფისა და მორალისთვის რაც მისაღებია ის უნდა შევითვისოთ. მე-X საუკუნის ნაწარმოებში "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" გიორგი მერჩულე წერს: "რომელ იპოვის სიტყუაი კეთილი, შეიწყნარის, ხოლო ჯერკუალი განაგდის." ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ მაშინ ანალიტიკურად უდგებოდნენ სხვათა ნააზრევს და მითუმეტეს დღეს გვმართებს ამის გათვალისწინება, როდესაც ეპოქამ რადიკალურად გადააფასა ბევრი რამ. დამეთანხმებით ალბათ, ჩვენი თაობისთვის რაც რაციონალური და ემპირიულია ის უფრო მისაღებია, ვიდრე მეტაფიზიკური და იდეალისტური, ამიტომ ვიკითხოთ წიგნები და რაც უფრო ახლოა ჩვენთვის ის შევითვისოთ, მაგრამ იდეალიზმსაც ნუ დავივიწყებთ, რადგან ეს ცხოვრებას გვილამაზებს და გვიადვილებს.

მწერალი თავის ნაწარმოებში აქსოვს იმ სიბრძნეს, რომელიც მას გააჩნია და რაც უფრო მეტ წიგნს წავიკითხავთ, მივხვდებით, რომ უკეთესად ვუგებთ ადამიანებს. მონტენი ამბობდა, რომ მისთვის აუცილებელი იყო სამი რამ "სიყვარული, მეგობრობა და წიგნის კითხვა". დავფიქრდი და მივხვდი, რომ ისინი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან და რომ არა წიგნები, ადვილად ვერ გავაცნობიერებდი მეგობრობასა და სიყვარულს, რადგან წიგნში ასახულია სხვადასხვა ადამიანთა ურთიერთობები, რომელთა მაგალითზეც ვსწავლობთ ცხოვრებას. მე პირადად ყოველთვის მიჩნდება სურვილი მცირედით მაინც დავემსგავსო ჩემს რჩეულ გმირს. მათი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, თავდადება, სიყვარული, არ ახდენს ჩემზე ერთჯერად გავლენას,მაგრამ არც ისაა მიზანშეწონილი მთელი ცხოვრება თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს ველოდოთ და უზარმაზარი ნაწნავი გადმოვუშვათ კოშკიდან.

1833 წელს იტონში საჯარო ბიბლიოთეკის გახსნისას, სერ ჯონ გერშელმა ასეთი სიტყვა წარმოთქვა: "მითხარი რას სთავაზობ წასაკითხად შენს მკითხველს და გეტყვი ვინა ხარ შენ."ამდენად გერშელი ყოველ ადამიანს, რომელსაც პრეტენზია აქვს სხვებს ურჩიოს, თუ რომელი წიგნები იკითხოს, ავალდებულებს რომ გამოიჩინოს დიდი პასუხისმგებლობა, უპირველესად თვითონ ჩაუღრმავდეს ამა თუ იმ წიგნში გატარებულ აზრს და რჩევა ამის შემდეგ მისცეს მკითხველს. არც მე ვაძლევ, რა თქმა უნდა, თავს უფლებას, რომ ვინმეს კატეგორიულად მოვთხოვო წიგნის წაკითხვა, ან მითუმეტეს "არწაკითხვა", მაგრამ ხანდახან წამომცდება ხოლმე. ეს რჩევა არ არის უფრო ემოციას შეიძლება მივაწეროთ, რომელიც წიგნის წაკითხვის შემდეგ გინდა მეგბარს გაუზიარო. თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ის წიგნი რომელსაც მე "ვურჩევ" ადამიანს ზედმეტი ნამდვილად არ იქნება არავისთვის.
მე არც იმდენად თავხედი ვარ და არც იმდენად ბრძენი რომ ვუთხრა ჩემს თანატოლებს რომელი წიგნები შეცვლიან უკუთესობისკენ მათ ცხოვრებას, მადლობა ღმერთს ასეთი მრჩევლები მრავლად არიან. მე მხოლოდ ერთისკენ შემიძლია მოვუწოდო მათ იკითხეთ წიგნები "იდიოლოგიების ეპოქაში" მათ(წიგნებს) შეუძლიათ ჩვენი სულის გადარჩენა.

No comments:

Post a Comment