Thursday, April 7, 2011

განათლება კომპრომისების ხელოვნებაა?

გამარჯობა, მე გიორგი ვარ და ვსწავლობ ახმეტის სკოლაში. ადრე მე და ჩემმა კლასელებმა უდიელების საქორწილო რიტუალები შევისწავლეთ და სკოლას წარვუდგინეთ. ახლაც გვინდა, რომ ასეთივე კვლევა ჩავატაროთ ქისტებზე, მაგრამ არ გამოგვდის, ტესტირებისთვის უნდა მოვემზადოთ.
ქეთი მას, მე ნუცა ვარ. რა ცუდი ყოფილა მეთორმეტე კლასში ყოფნა. გახსოვთ, შარშან მე და თქვენ რომ ვეფხისტყაოსნის ტექსტის კომპიუტერული მოდელი გავაკეთეთ პასკალში? მინდოდა წელს ამის ინტერნეტ ვერსიის გაკეთება, მაგრამ დედა მეუბნება, რომ დროს ვკარგავ იმიტომ, რომ ატესტატის გამოცდისთვის უნდა მოვემზადო.

გამარჯობა მე ლეილა ვარ. ქართულს ვასწავლი. მოსწავლეები დაინტერესდნენ კითხვის კლუბის გახსნით. უნდათ ამერიკული რომანების თარგმანების წაკითხვა და განხილვა. მეც ძალიან მაინტერესებს, მაგრამ დირექტორი და მშობლები მეუბნებიან, რომ ამის დრო ახლა არ არის. მნიშვნელოვანია, რომ გამოცდებზე კარგი შედეგი ვაჩვენოთ.

გამარჯობა, მე გურამი მქვია. შარშან დამნიშნეს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად. მინდოდა, რომ მანქანის ტარების კურსები შემომეღო, მაგრამ ამბობენ, გამოცდების შედეგების მიხედვით შეიძლება დირექტორები გაუშვანო. ამიტომ ავიღე და რა ფულიც დამრჩა სკოლის ბიუჯეტში ის ტესტებისთვის მომზადებისთვის დავხარჯე.

სოფო, რეზო და მე ვაპირებდით სკოლის გაზეთის დაარსებას. საინტერესო რამეა. ინტერვიუებს ჩავწერდით, ფოტოებს გადავიღებდით, სკოლის წარმატებულ მოსწავლეებზე რეპორტაჟებს დავწერდით, ცოტას მასწავლებლებსაც გავაშაყირებდით. მასწავლებელს ვთხოვეთ, რომ გვასწავლოს სტატიების წერა, მაგრამ გვეუბნება, რომ ტესტებზე ეს არ მოგვეთხოვება და ამის სწავლება რომ დავიწყო, სხვა ბავშვებმა რა დააშავეს, მერე ცუდი ნიშნები რომ მიიღონო.

გამარჯობა მანანა. გახსოვს მე და შენ სკოლაში რომ ვიყავით, ჩვენთან რომ პატარა ღელეა იმის დაბინძურება რომ შევისწავლეთ და მერე გამგებელს რომ მივწერეთ? ჩემს პატარა დას და მის კლასელებს უნდოდათ იგივეს გაკეთება საცდელ მეურნეობასთან დაკავშირებით და სკოლამ უარი უთხრა. პროექტებით სწავლება აღარ გვაინტერესებს, ახლა გამოცდებზე უნდა გავაკეთოთ მობილიზება, თორემ დაგვხურავენო.

გამარჯობა, მე ლიმონათის ქარხნის საწყობის გამგე ვარ, ომარი. ერთმა სტუდენტმა დაიწყო ჩემთან მუშაობა. ჭკვიანი ბიჭია. სულ ხუთებზე დაამთავრა სკოლა. გამოცდებიც კარგად ჩააბარა. ვეკითხები აბა მოიფიქრე, რომელი კონტეინერით ჯობია გავაგზავნოთ ბათუმში კონცერტზე სასმელი, დიდით, საშუალოთი თუ პატარათი-თქო და ვერ ხვდება საიდან დაიწყოს ამ პრობლემის გადაჭრა. რა ვუყო ახლა ამას?

გამარჯობა, მე ქიმიის მასწავლებელი ვარ. წელს ჩვენს სკოლას ლაბორატორია აჩუქეს. მინდა გამოვიყენო ექსპერიმენტებისთვის, მაგრამ მოსწავლეები მეუბნებიან, არ გვინდა ნინო მას, თუ შეიძლება ტესტებისთვის მოგვამზადეთო. სხვებს არ ვიცი, ალბათ, ეგეთები იყვნენ ყოველთვის, მაგრამ აი ზუკას რაღა დაემართა?

მე გიზო ვარ. ჩემი შვილი ცუდად სწავლობს. წიგნებს მისთვის ვყიდულობ. ნუ რაც აუცილებლად ჭირდება იმას მაინც. სკოლაში ტანსაცმელიც ხშირად აქვს გამოსაცვლელი. აბა ხომ არ უნდა დასცინონ კლასელებმა? მობილურიც ვუყიდე. ორი წლის მერე გამოცდა აქვს ჩასაბარებელი. მასწავლებელი და დირექტორი მეუბნება ვერ ჩააბარებს და სკოლას შეარცხვენსო. მე მგონი ჯობია წამოვიყვანო სკოლიდან და ჩემთან დავაწყებინო მუშაობა. ხელობას მაინც ისწავლის.

მე ოთარი ვარ, კახას მეგობარი. კახა კარგად ვერ წერს. ბავშვობაში ავარიაში მოყვა და იმის მერე ხელებს კარგად ვერ იმორჩილებს. დიდხანს ჯდომაც უჭირს. ჩვენ ერთ კლასში ვართ. მეცხრეში რომ ვიყავით ახალი მასწავლებელი მოვიდა მათემატიკაში. ყველას ინდივიდუალურად გვივლიდა. კახამ იცით რამდენი ისწავლა? ახლა კი ყველას ერთნაირად გვასწავლის. ასე ამბობს, დირექტორმა მითხრა, ხომ იცი შენს მოსწავლეებს გამოცდებზე ცუდი შედეგი არ უნდა გქონდეთო. მე თითქოს კარგად ვსწავლობ, მაგრამ კახა რას იზამს ამ გამოცდებზე არ ვიცი.

გამარჯობა, მე ნოდარი ვარ. გინახავთ, იუთუბზე ფიზიკის გაკვეთილები რომ არის გადაღებული? რამდენი ხანია ბავშვებთან ერთად ამას ვაკეთებ. წელს ცოტა გაგვიჭირდა ბავშვების დაინტერესება. სულ ტესტები და ტესტები. თითქოს სხვა არაფერი აღარ აინტერესებთ.

ცაციების განათლება

წიგნი ციფრულ საუკუნეში

კითხვა „რა ბედის ელის წიგნს ციფრულ ეპოქაში?“ პირველი პერსონალური კომპიუტერის გამოგონებიდან ძალიან მალე გაჩნდა, მაგრამ აქტუალობა ჯერაც არ დაუკარგავს. თუმცა, დაახლოებით 15 წლის წინ, როცა მსოფლიოს ყველა გამომცემელი ამ საკითხზე აქტიურ დისკუსიაში იყო ჩართული, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ნაბეჭდ წიგნს ელქტრონული წიგნი ასე მოკლე დროში ჩაანაცვლებდა.
წიგნი იმ სახით, რა სახითაც ჩვენ მას დღეს ვიყენებთ, მხოლოდ 1500 წელია რაც არსებობს. ქაღალდის, მასზე ბეჭდვისა დ აკინძვის გამოგონებამდე წიგნები ქვაზე, ბათქაშზე, თიხის ფირფიტებზე და ცხოველების ტყავზე იწერებოდა. რა თქმა უნდა ასეთი წიგნების შექმნა ძალიან შრომატევადი პროცესი იყო, შესაბამისად იმ უხსოვარ დროს ბევრი წიგნი ვერ იქმნებოდა და ვერც ადვილად ვრცელდებოდა. ჯერ ქაღალდის, ხოლო შემდეგ ბეჭდვის გამოგონებამ წიგნის შექმნის პროცესი მნიშვნელოვნად გაამარტივა, და წიგნისა და წიგნიერების (წერა-კითხვის) ფართოდ გავრცელებას შეუწყო ხელი.
კომპიუტერისა და თანამედროვე საბეჭდი მანქანა-დანადგარების შექმნამ წიგნის წარმოების პროცესი კიდევ უფრო სრულყოფილი, დახვეწილი და მარტივი გახადა. დაახლოებით 15 წლის წინ კი გაჩნდა ციფრული საბეჭდი მანქანაც - იდეალური მოწყობილობა მცირეტირაჟიანი წიგნის დასაბეჭდად. მანქანა კომპიტერთანაა დაკავშირებული და მითითებული წიგნის ფაილს ჯერ ბეჭდავს, შემდეგ კინძავს, ყდაში სვამს და მზა წიგნად აქცევს. ეს ყველაფერი ერთ მანქანას შეუძლია სულ მოკლე დროში.
კომპიუტერის გამოგონებამ და ციფრულმა ტექნოლოგიებმა შესაძლებელი გახადა წიგნის ელექტრონული ფორმატის შექმნა. დაახლოებით 15 წლის წინ გამომცემლების ნაწილი ვარაუდობდა, რომ მომავალში წიგნებს კომპაქტ-დისკებზე ჩაწერდნენ და ისე მიაწვდიდნენ მყიდველებს. ისინი ფიქრობდნენ, რომ რაკი გამომცემელი ყიდის ინფორმაციას, ანუ წიგნის შიგთავსს და არა ქაღალდს, რომელზეც ეს წიგნია დაბეჭდილი, მკითხველი დისკზე ჩაწერილ წიგნსაც იყიდის. ალბათ თანდათან მართლაც ასე მოხდებოდა, სულ მალე უფრო მოსახერხებელი მოწყობილობა - ელექტრონული წიგნები რომ არ გამოეგონებინათ.  
2007 წელს გამოვიდა პირველი ელექტრონული წიგნი - Kindle, რომელიც გამოსვლიდან რეკორდულ დროში - ხუთნახევარ საათში გაიყიდა. უფრო სწორად, ეს არის ელექტრონული წიგნის წამკითხველი მოწყობილობა, რომელიც გამოუშვა ყველაზე დიდმა ინტერნეტ-მაღაზიამ, ამაზონმა. ამაზონის მფლობელები მალე მიხვდნენ, რომ დაბეჭდილი წიგნების გაყიდვის გარდა, წიგნის ელექტრონული სახით გაყიდვაც არის შესაძლებელი, თუ მყიდველს შესაბამის მოწყობილობას შესთავაზებ. აქედან გაჩნდა Kindle-ის შექმნის იდეაც. ეს მოწყობილობა ეკრანისა და ღილაკებისგან შედგება და დიდ მობილურს ჰგავს. მის 15 სანტიმეტრიან შავ-თეთრ ეკრანზე ნებისმიერი ელექტრონული ტექსტის წაკითხვაა შესაძლებელი ილუსტრაციების გარეშე. ასეთი ტექსტის, უფრო სწორად ტექტსების, უფრო ზუსტად კი მთელი წიგნების წყარო ინტერნეტია.
დღეს მომხმარებელს შეუძლია წიგნის შეძენა ინტერნეტ-მაღაზიის საშუალებით რამდენიმე ფორმატში: წიგნისა დებჭდილი სახით, აუდიო წიგნის და ელექტრონული წიგნის. ამ უკანასკნელის შეძენის შემთხვევაში ტექსტის გადმოწერა პირდაპირ ინტერნეტიდან ხდება Kindle-ში და მკითხველს შეუძლია მისი წაკითხვისას ტექსტის სასურველ ზომაზე დაყენება, ანუ შრიფტის გადიდება ან დაპატარავება, „გადაფურცვლა“, სხვადასხვა გვერდზე გადახტომა და ა.შ.
Kindle-ის შემდეგ ელექტრონული წიგნის გაუმჯობესებული ვარიანტები გამოვიდა. Nook საშუალებას აძლევს მკითხველს ბიბლიოთეკიდან 14 დღით უფასოდ გამოიტანოს ელექტრონული წიგნები, ხოლო Sony-Reader ელექტრონული ჟურნალ-გაზეთების წაკითხვისა და გამოწერის საშუალებასაც სთავაზობს. ამასთან, ელექტრონული წიგნების რაოდენობაც საკმაოდ შთამბეჭდავია - ამაზონს თავის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში 450 000 დასახელების წიგნი აქვს გაერთიანებული, ხოლო Sony-Reader-ის მფლობელს მილიონზე მეტი დასახელების ელექტრო-წიგნის შეძენა შეუძლია ინტერნეტით.
ყველა ამ ჭკვიანურ ელექტრონული წიგნის წამკითხველ მოწყობილობას ამავე დროს აქვს თავისი უარყოფით მხარეები, მაგალითად, შავ-თეთრი ეკრანი, რომელიც ამავე დროს საკმაოდ მცირე ზომისაა და კითხვის პროცესს ნაკლებადმოსახერხებელს ხდის და სხვ.
როგორც ჩანს მათი ნაკლი დაკვირვებით შეისწავლა კომპნია Apple-მა და 2010 წლის იანვარში გამოუშვა iPad, რევოლუციური მოწყობილობა, რომელსაც 23 სმ-იანი ფერადი, სენსორული ეკრანი და ყველა ის ფუნქცია აქვს, რასაც თანამედროვე მომხმარებელი ინატრებდა. ამასთანავე მოწყობილობა ძალიან მსუბუქი (700 გრამამდე) და თხელია (1,2 სმ). მისი გამოყენება შეიძლება როგორც ელექტრონული წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების წასაკითხად, ისე ფოტოალბომების, ვიდეოებისა და რუკების სანახავად, აქვს ელ-ფოსტა, შეუძლია ინტერნეტთან დაკავშირება და ეს ყველაფერი ეკრანზე თითის მსუბუქი დაჭერით ხდება, ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. მოკლედ, ინატრე, რაც გინდა...
მაგრამ მაინც, რა მოუვა ნაბეჭდ წიგნს? ნუთუ ის აღარ იარსებებს? ნუთუ ვეღარ გადავშლით მის ფურცლებს და ვერ შევიყნოსავთ მის დაუვიწყარ სურნელს, მკითხველს რომ ასე ძალიან უყვარს?
ალბათ ნაბეჭდი წიგნი მაინც იარსებებს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მისი წარმოებაც და ქაღალდიც მომავალში სულ უფრო ძვირი გახდება, ნაბეჭდ წიგნს თანდათანობით ელექტრონული წიგნი ჩაანაცვლებს. წიგნის ნაბეჭდ ვერსიას შემდგომში მხოლოდ კოლექციონერებისთვის და სპეციალური გამოცემების სახით გამოუშვებენ. დროთა განმავლობაში ელექტრონული წიგნის სიიაფე და მისი სწრაფად შეძენის შესაძლებლობა (ასეთი წიგნის ყიდვა და ჩამოტვირთვა ინტერნეტით სულ რამდენიმე წუთშია შესაძლებელი) თითქმის მთლიანად გამოდევნის ნაბეჭდ წიგნს ბაზრიდან.
ალბათ ბევრს გახსოვთ დრო, როდესაც ვიდეო-კასეტების დაქირავება შეიძლებოდა. სულ მალე ვიდეო-კასეტები  CD და DVD დისკებმა ჩაანაცვლა. ახლა ვიდეოს საყიდლად მაღაზიაში არავინ დადის - მილიონობით ფილმის ჩამოტვირთვა ინტერნეტით შეიძლება შესაბამის ფასად. რა თქმა უნდა, არსებობს პირატული საიტები, სადაც ეს ყველაფერი უფასოდაა განთავსებული, მაგრამ ეს სულ სხვა თემაა...
რაც შეეხება წიგნების ავტორებსა და გამომცემლებს: რა ელით მათ?
ალბათ, სანამ მკითხველი არსებობს, ავტორიც იარსებებს და გამომცემელიც. არა აქვს მნიშვნელობა, რა სახეს მიიღებს საბოლოო პროდუქტი, ქაღალდზე დაიბეჭდება თუ ეკრანზე აციმციმდება - ვიღაც მაინც არის საჭირო, ვინც ტექსტს დაწერს, შედეგ მას გაასწორებს და მკითხველს მიაწვდის. მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ ავტორი, რომელმაც თქვენთვის ამდენი იშრომა, ჰონორარის გარეშე ვერ იარსებებს. ასე რომ, შეიძინეთ და იკითხეთ წიგნები რა სახითაც გინდათ... სხვათა შორის, ალბათ ამ სტატიასაც ეკრანზე კითხულობთ და არა ფურცელზე, ასე არ არის?

რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები

"ერთადერთი რჩევა, რაც ერთმა ადმიანმა მეორეს წიგნის კითხვასთან დაკავშირებით შეიძლება მისცეს, არის ის, რომ ყური არ ათხოვოს, საერთოდ არანაირ რჩევას." 
ვირჯინია ვულფი

მართალია, ვირჯინია ვულფი ასეთ რჩევას გვაძლევს, მაგრამ მე გავკადნიერდები და განსხვავებულ შეხედულებას ჩამოვაყალიბებ წიგნის კითხვასთან დაკავშირებით.

როგორც წესი, ახალგზრდა თაობას არ უნდა სჭირდებოდეს რჩევა იმის შესახებ, თუ რა უნდა წაიკითხონ. თუმცა მწერლებმა მაინც გადაწყვიტეს რომ დაემოძღვრათ ახალგაზრდობა და შეექმნათ ისეთი წიგნები რომლებითაც ასწავლიდნენ, თუ რა მეთოდებით წაეკითხათ წიგნები, რომ მაქსიმალური ეფექტისთვის მიეღწიათ. ეს რასაკვირველია რეალობით იყო ნაკარნახევი. მოკლედ ვისაუბრებთ თუ რა როლი უჭირავს წიგნს დღევანდელ საზოგადოებაში. ჩემი სტატია მხოლოდ მცირე რჩევებს შეიცავს, თქვენ კი ამ საკითხის უფრო დეტალური განხილვა შეგიძლიათ ნახოთ ჰაროლდ ბლუმის ნაწარმოებში "როგორ და რატომ უნდა ვიკითხოთ" და რობერტ ოლტერის წიგნში "კითხვის მშვენიერებანი იდეოლოგიების ეპოქაში".

იმედია, ხმამაღალ ნათქვამად არ ჩამომართმევენ ჩემი თანატოლები, თუ ვიტყვი, რომ წიგნის კითხვა დიდი სიამოვნებაა. რა თქმა უნდა არსებობს სიამოვნების მიღების სხვა საშუალებებიც, მაგალითად მე, როგორც ნებისმიერ ახალგაზრდას, მიზიდავს facebook-ი და მისთანანი, მაგრამ ნელ-ნელა კარგად ვხვდები (მახვედრებენ), რომ ვერცერთი ინტერნეტში მოპოვებული ინფორმაცია ვერ მომცემს იმხელა ცოდნას, რამხელაც წიგნებშია.

ანდრე მორუა წერს: "წიგნი ერთადერთი საშუალება, რომ ღრმად ჩავიხედოთ გარდასულ ეპოქებსა და იმ სოციალური ფენების ცხოვრებაში, რომელთა მისადგომებიც ჩვენთვის ჩარაზულია". ეს ფრაზა რომ წავიკითხე დიდი ხანი ვფიქრობდი, რატომ იყო წიგნი ერთადერთი და არა ერთ-ერთი საშუალება. ერთ დღესაც, როდესაც ჩემი ძვირფასი დრო დავუთმე კომპიუტერს და დავიწყე "სამოსელი პირველის" ამონარიდის კითხვა, მივხვდი რომ კარგი წასაკითხი იქნებოდა, მაგრამ ამონარიდის კითხვამ 2 საათს გასტანა. არ არის რთული მისახვედრი თუ რატომ. რა თქმა უნდა, ერთი ბმულიდან სრულიად სხვა შინაარსის ბმულზე გადავდიოდი. მაცდურ, ერთმანეთზე საინტერესო ბმულებს რა გამოლევს, მაგრამ ხშირად ხდება ისე, რომ საბოლოოდ ვერცერითს შინაარს ვერ ვიგებთ კარგად. ახლაც სწორედ მასე მომივიდა. სააბოლოოდ ამ 2 საათის განმავლობაში ვერაფერი გავიგე. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ შეუძლებელია ჩაუღრმავდე ნაწარმოებს და მის არსს თუ შენს თავთან მარტო არ ხარ. განმარტოვებისთვის კი წიგნი მართლაც ერთადერთი საშუალება აღმოჩნდა.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, წიგნის კითხვა მნიშვნელოვანია პიროვნების ჩამოყალიბებისთვის. პირადად ჩემთვის გაღიზიანებას იწვევს ისეთი ადამიანი, რომელიც ზერელედ უდგება ამ საკითხს და აბუჩად იგდებს წიგნის მკითხველებს. მისთვის მნიშვნელოვანია საუბარი არა წიგნებზე, არამედ ათასგვარ სისულელეზე. ხშირად ვუფიქრდები იმ მოვლენებს, რომლებიც ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. სისულელეებზე ლაპარაკი ერთ-ერთი იმათგანია. ყველამ კარგად იცის, რომ სისულელებზე ლაპარაკს არაფერი მოაქვს, მაშინ რატომ მოსწონთ მასზე საუბარი? პირადად მე ერთ დასკვნამდე მივედი: დღევანდელი ყოფა იმდენად დაძაბულია, რომ მაგალითად დოსტოევსკისა და დრაიზერის კითხვისკენ აღარ მიუწევთ გული. ხალხი ცდილობს, გაიადვილოს ცხოვრება და სისულელებზე საუბრით გაირთოს თავი. ჩემი აზრით, დიდი ხანია კაცობრიობა აღარ არის მიდრეკილი ღრმა ფილოსოფიური მსჯელობისკენ, მითუმეტეს დღეს, როდესაც ცხოვრების ტემპი ასეთი აჩქარებულია.

კითხვა, როგორც პროცესი, განმარტოებასთან ასოცირდება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მარტოობასთან, რადგან როდესაც კითხულობ, პერსონაჟები შენს ცხოვრებაში შემოდიან და ავსებენ მას. ერთი კლასიკოსი მწერლის ნაწარმოებიც კი იმდენ ცოდნასა და ცხოვრებისეულ გამოცდილებას გაძლევს, რომ თვითონაც განცვიფრებული რჩები. თუ გურამ დოჩანაშვილს დავესესხებით: "ადამიანი სულ ცოტათი მაინც უნდა გახადოს წიგნმა იმაზე უკეთესი ვიდრე ამ წიგნის წაკითხვამდე იყო". პირადად მე ბევრი რამ გავითვალისწინე წიგნის პერსონაჟების ცხოვრებიდან. რატომ უნდა ისწავლოს ადამიანმა საკუთარ შეცდომებზე, როდესაც შესაძლებელია რომელიმე პერსონაჟის დაშვებული შეცდომა აღარ გავიმეოროთ. რა თქმა უნდა, ხმამაღალი ნათქვამია, რადგან სანამ საკუთარ თვზე არ გამოცდი ვერ მიხვდებიო ამბობენ, მაგრამ ცდა ბედის მონახევრეაო, ამ ფრაზასაც ხშირად მოაყოლებენ ხოლმე. მე სწორედ ამ გამონათქვამის მომხრე ვარ, ვცადოთ პერსონაჟების შეცდომების გათავისება და გამოსწორება რეალურ ცხოვრებაში.

დევიდ დენბის აქვს შესანიშნავი ნათქვამი: "მე მქონდა ინფორმაცია და არა ცოდნა, შეხედულებები და არა პრინციპები, ინსტინქტები და არა მრწამსი." დენბისათვის ეს ყოველივე მას შემდეგ შეიცვალა, რაც 48 წლის ასაკში კოლეჯში დაბრუნდა და კლასიკოსების კითხვა დაიწყო.

კარგი იქნება, თუ ყოველი ადამიანი მიბაძავს მას და მიხვდება, რომ უწიგნოდ მისი შეხედულება ცხოვრებაზე, ნებისმიერ ფასეულობებზე, ყოფილა პრიმიტული, როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა "უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა". თუ გინდა გახდე ცივილიზებული სამყაროს სრულუფლებიანი მოქალაქე, აუცილებელია გაეცნო წინა თაობის ნააზრევს, ხოლო იმისთვის რომ კულტურულ ადამიანად ჩამოყალიბდე, არსებობენ წიგნები, რომელშიც ისწავლი ამას. მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. აუცილებელია მათი ნააზრევის გაცნობიერება, შეფასება და გადააზრება. დღევანდელი ყოფისა და მორალისთვის რაც მისაღებია ის უნდა შევითვისოთ. მე-X საუკუნის ნაწარმოებში "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" გიორგი მერჩულე წერს: "რომელ იპოვის სიტყუაი კეთილი, შეიწყნარის, ხოლო ჯერკუალი განაგდის." ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ მაშინ ანალიტიკურად უდგებოდნენ სხვათა ნააზრევს და მითუმეტეს დღეს გვმართებს ამის გათვალისწინება, როდესაც ეპოქამ რადიკალურად გადააფასა ბევრი რამ. დამეთანხმებით ალბათ, ჩვენი თაობისთვის რაც რაციონალური და ემპირიულია ის უფრო მისაღებია, ვიდრე მეტაფიზიკური და იდეალისტური, ამიტომ ვიკითხოთ წიგნები და რაც უფრო ახლოა ჩვენთვის ის შევითვისოთ, მაგრამ იდეალიზმსაც ნუ დავივიწყებთ, რადგან ეს ცხოვრებას გვილამაზებს და გვიადვილებს.

მწერალი თავის ნაწარმოებში აქსოვს იმ სიბრძნეს, რომელიც მას გააჩნია და რაც უფრო მეტ წიგნს წავიკითხავთ, მივხვდებით, რომ უკეთესად ვუგებთ ადამიანებს. მონტენი ამბობდა, რომ მისთვის აუცილებელი იყო სამი რამ "სიყვარული, მეგობრობა და წიგნის კითხვა". დავფიქრდი და მივხვდი, რომ ისინი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან და რომ არა წიგნები, ადვილად ვერ გავაცნობიერებდი მეგობრობასა და სიყვარულს, რადგან წიგნში ასახულია სხვადასხვა ადამიანთა ურთიერთობები, რომელთა მაგალითზეც ვსწავლობთ ცხოვრებას. მე პირადად ყოველთვის მიჩნდება სურვილი მცირედით მაინც დავემსგავსო ჩემს რჩეულ გმირს. მათი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, თავდადება, სიყვარული, არ ახდენს ჩემზე ერთჯერად გავლენას,მაგრამ არც ისაა მიზანშეწონილი მთელი ცხოვრება თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს ველოდოთ და უზარმაზარი ნაწნავი გადმოვუშვათ კოშკიდან.

1833 წელს იტონში საჯარო ბიბლიოთეკის გახსნისას, სერ ჯონ გერშელმა ასეთი სიტყვა წარმოთქვა: "მითხარი რას სთავაზობ წასაკითხად შენს მკითხველს და გეტყვი ვინა ხარ შენ."ამდენად გერშელი ყოველ ადამიანს, რომელსაც პრეტენზია აქვს სხვებს ურჩიოს, თუ რომელი წიგნები იკითხოს, ავალდებულებს რომ გამოიჩინოს დიდი პასუხისმგებლობა, უპირველესად თვითონ ჩაუღრმავდეს ამა თუ იმ წიგნში გატარებულ აზრს და რჩევა ამის შემდეგ მისცეს მკითხველს. არც მე ვაძლევ, რა თქმა უნდა, თავს უფლებას, რომ ვინმეს კატეგორიულად მოვთხოვო წიგნის წაკითხვა, ან მითუმეტეს "არწაკითხვა", მაგრამ ხანდახან წამომცდება ხოლმე. ეს რჩევა არ არის უფრო ემოციას შეიძლება მივაწეროთ, რომელიც წიგნის წაკითხვის შემდეგ გინდა მეგბარს გაუზიარო. თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ის წიგნი რომელსაც მე "ვურჩევ" ადამიანს ზედმეტი ნამდვილად არ იქნება არავისთვის.
მე არც იმდენად თავხედი ვარ და არც იმდენად ბრძენი რომ ვუთხრა ჩემს თანატოლებს რომელი წიგნები შეცვლიან უკუთესობისკენ მათ ცხოვრებას, მადლობა ღმერთს ასეთი მრჩევლები მრავლად არიან. მე მხოლოდ ერთისკენ შემიძლია მოვუწოდო მათ იკითხეთ წიგნები "იდიოლოგიების ეპოქაში" მათ(წიგნებს) შეუძლიათ ჩვენი სულის გადარჩენა.

უწიგნურობა

საკუთარ თავს შევამჩნიე, რომ ნელ-ნელა ლაშა ბუღაძეს ვემსგავსები. რა თქმა უნდა, გარეგნულად არა.  პათოსით. ვისაც ლაშას სვეტები წაუკითხავს, კარგად იცის,  რომ იგი ძირითადად იმაზე წერს, რომ მკითხველი არ არსებობს, ხალხი გაუნათლებელია და საერთოდაც, წიგნის კითხვა მხოლოდ ფორმალურად ითვლება კარგ ტონად.
მოდი და ნუ დაეთანხმები ამას, როცა უწიგნურობას ყოველ ფეხის ნაბიჯზე აწყდები.
_მაინც რამდენი წიგნი გექნება წაკითხული?_ მეკითხება ერთი.
მე ჯერ ვიბნევი და მერე ხუმრობით ვპასუხობ: _ 20.
_ ვაჰ, ასე ცოტა? ეტყობა, სქელი წიგნები იყო.
_ კი. ყველა სქელი იყო _ ვეუბნები მე.
და ისიც იჯერებს. იჯერებს აბსურდს, რომ მხოლოდ 20 წიგნი მაქვს წაკითხული, სამაგიეროდ ,,სქელები”.
_ მათხოვე რა რამე კაი წიგნი, ოღონდ ისეთი, ბევრი დიალოგები რომ იყოს.
_ ბატონო?
_ ჰო, რა. უცებ რომ ჩავიკითხო.
_ და ნახატებიც რომ ჰქონდეს, არა?
ხუმრობად რომ მიღირდეს, რობინზონ კრუზოს ვათხოვებდი. იკითხოს დიალოგების გარეშე, თუ კარგია.
ქართველი ყველაფერში იხდის ფულს, წიგნის გარდა.  მან წიგნი  სხვანაირად უნდა მოიპოვოს: ავტორმა აჩუქოს ან ვინმემ ათხოვოს და თან ისეთი შეურჩიოს, მის გონებრივ განვითარებას რომ მოუხდება. ვიღაც სხვამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ როცა  სისულელეების კეთებისგან დაიღლება,  ხელის გასაწვდენ მანძილზე ჰქონდეს საინტერესო და საჭირო წიგნები. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად წაიკითხავს, მაგრამ უნდა ჰქონდეს. და რა თქმა უნდა, უფასოდ. სხვანაირად როგორ! წიგნში ფულის გადახდა ვის გაუგია!
წიგნის კითხვის ილუზიის შექმნა რეალურად კითხვაზე ადვილია. ამაში ბუკინისტების ინციდენტმა ღრმად დამარწმუნა.  რამდენი ადამიანიც ამ ამბის გამო აღშფოთდა, რეალურად მათი მკითხველი იმდენი რომ ყოფილიყო,  ბუკინისტები  კერძო მაღაზიებს გახსნიდნენ და ხელისუფლებაც აღარ შეაწუხებდათ.
იქნებ მოვეშვათ თვალთმაქცობას. თუ წიგნის კითხვა არ გვიყვარს, უბრალოდ დავემშვიდობით ,,წიგნიერი ერის მითს” და თუ არ გვინდა, რომ დავემშვიდობოთ, მაშინ ვიკითხოთ.
მკითხველი არაა ის, ვინც ათასში ერთხელ ფურცლავს ხელში ჩავარდნილ წიგნებს.
მკითხველი არც ისაა, ვინც მწერლებს პირადად იცნობს და მათი პიროვნებით ინტერესდება.

სტატია განათლების რეფორმის შესახებ

შეიძლება, ამ საკითხში დილეტანტი უფრო მეთქმის, ვიდრე კომპეტენტური , მაგრამ ამ წერილის დაწერა იმან გადამაწყვეტინა, რომ ამ თემაზე XII კლასის მოსწავლეზე ბევრად უფრო არაკომპეტენტური ხალხი საუბრობს და თან ისეთი შემართებითა და თავდაჯერებულობით, რომ შეკამათებასაც ვერ გაუბედავ...
ჩვენ, ახლანდელ თაობას, გადასხვაფერების მომენტში მოგვიწია ცხოვრება, რაც, დამეთანხმებით, რომ მტკივნეულია, მაგრამ ამასთანავე საინტერესოც. საინტერესო იმიტომ, რომ შენც, რიგითს, შეგიძლია შენი წვლილი შეიტანო ახალი სახლის დაპროექტებასა და მშენებლობაში, იმიტომ, რომ ეს სახლი სწორედ ახლა, სწორედ შენთვის, სწორედ შენი ხელით შენდება, იმიტომ, რომ სწორედ ამ სახლში უნდა დაპატიჟო მომავალი თაობები. ამიტომ, ახლა დუმილი დანაშაულია, მაგრამ სათქმელი ისე უნდა ვთქვათ, გვესმოდეს, რას ვამბობთ და რას ვაკეთებთ. უნდა გავიგოთ, რომ საკუთარი აზრის ქონა არ არის ყველაფერში ცუდის და ნეგატიურის ძებნა და არც ის, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაგონილ პირველივე ჭორს დაუჯერო.
პირადად მე ხშირად გავმხდარვარ მოწმე იმისა, რომ ადამიანი, ვისაც თვალითაც არ უნახავს მე-10 კლასის ქართულის სახელმძღვანელო, ამბობს, ილია ჭავჭავაძე სკოლაში არ ისწავლებაო, არადა, ამ სახელმძღვანელოს პირველი ორი ნაწილის მთავარი ძარღვი სწორედ ილიას შემოქმედება და მოღვაწეობაა (ვგულისხმობ თამაზ ვასაძის ავტორობით შექმნილ სახელმძღვანელოს, რომელიც სკოლების უმეტესობამ აირჩია). ბევრი იმასაც ვერ ხედავს, რომ IX კლასში ისევ ისწავლება შუშანიკიც, გრიგოლიც და ,,ვეფხისტყაოსანიც”, თანაც ახლანდელი წიგნი ათჯერ მაინც ჯობია იმას, მე რომ მომიწია სწავლამ, (როგორც აღვნიშნე XII კლასში ვარ შესაბამისად მე ძველებური, ე.წ. ,,ქრესტომატიით” გავიარე IX კლასი) ის რეპლიკები და შეფასებები კი იმის ბრალია, რომ ხალხი საქმეში ჩაუხედავია და მხოლოდ ჭორებზე დაყრდნობით აკეთებს თამამ განცხადებებს.
ზოგი იმასაც ამბობს, ახალი პროგრამა ძალიან რთულია და ჩვენი მოსწავლეები ვერ ძლევენო. მაგალითად, ერთი ღრმად პატივცემული ქალბატონი ამავე გაზეთის ფურცლებზე წერდა, XII კლასის ქართულის სახელმძღვანელოს (იგულისხმება თ. ვასაძის, ნ. მუზაშვილის და ნ. ჩუბინიძის სახელმძღვანელო) ჩვენი მოსწავლეების 10% თუ შეიწავლისო. ჩემი აზრით ეს ტრაგედია სულაც არაა, საქმე ისაა, რომ ახლა უამრავი პროფსასწავლებელი იქმნება, სადაც სწავლა სულაც არ არის ცუდი და სამარცხვინო, ხოლო XII კლასში ყველა არ უნდა ირიცხებოდეს. მაშინ, როცა XII კლასში ისინი ისწავლიან ვისაც წინა კლასების მოსწრების დონე ამის საშუალებას მისცემს, სახელმძღვანელოც მოსწავლეთა უმრავლესობის მიერ დაძლეული იქნება. 

Wednesday, April 6, 2011

შუა საუკუნეების ქრისტიანული განათლება

შუა საუკუნეების სკოლებში მეხუთე საუკუნიდან ისწავლებოდა პროგრამაშვიდი თავისუფალი ხელოვნება”, იგი მოიცავდა შვიდ საგანს : გრმატიკას, რიტორიკას, ლოგიკას, არითმეტიკას, გეომეტრიას, ასტრონომიას, მუსიკას. მეექვსე საუკუნეში ეს საგნები ორ ჯგუფადტრივიუმად და კვადრივიუმად დაყვეს.(სამეული და ოთხეული), რამაც საფუძველი ჩაუყარა ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო საგნები ერთმანეთისგან გამოყოფას. ადრეულ შუა საუკუნეებში გაბატონებული იყო ტრივიუმის სწავლება, მერვე საუკუნიდან კი ფართოდ ისწავლებოდა კვადრივიუმი.
ქრისტიანულ შუა საუკუნეებში სკოლები არსებობდა სამეფო კარზე, წარჩინებულთა სასახლეებში, მონასტრებთან და ეკლესიებთან. ამ სკოლებში სწავლობდნენ ლათინურ წერაკიტხვას, ანგარიშს, საეკლესიო გალობასა და ტრივიუმის საგნებ; განსაკუთრენული ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეებიღვღისმეტყველებასაც. მოსწავლეები წერდნენ თხზულებებს ლექსებად და პროზაულად. ყოველ მონასტერში, გარდა სკოლებისა, იყო გადამწერთა სახელოსნოები, .. სკრიპტორიუმები. აქ ხდებოდა ზელნაწერთა გადაწერა და გამრავლება.ასეთივე სკოლები იყო გამართული საქართველოს სამეფო კარზე, არისტოკრატულ ოჯახებსა და ეკლესიამონასტრებში. უცხოური ენებიდან შუა საუკუნეების საქართველოში ასწავლიდნენ ბერძნულსა და არაბულს, მოგვიანებითსპარსულსა და თურქულს.